გამოცემა „მარკა" - ვისწავლოთ მისი სახელი, „მესტალიას“ ახალი გმირი მამარდაშვილია [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის „ლა ლიგაში“ გიორგი მამარდაშვილმა სადებიუტო შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა – ამას თითქმის ყველა წამყვანი ესპანური გამოცემა აღნიშნავს.
საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდმა „ვალენსიამ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და 35-ე წამზე, კაცნაკლული დარჩა – მაგრამ მე-10 წუთზე კარლოს სოლერიმ გუნდი პენალტით დააწინაურა და საბოლოოდ, „ვალენსიამ“ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა – 1:0. გუნდის მოგებაში წვლილი ქართველმა მეკარემ შეიტანა, რომელმაც რამდენჯერმე გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა და ლა ლიგაში სადებიუტო მატჩში კარი „მშრალად“ შეინახა.
„მარკა“
ვისწავლოთ მისი სახელი – მამარდაშვილი, „მესტალიას“ ახალი გმირი
გიორგი მამარდაშვილი – ის საქართველოდანაა. ჩაიწერეთ მისი სახელი და სწრაფად ისწავლეთ მისი გვარი. ბიჭი აქ არის
იმისთვისა, რომ დარჩეს. მან კარი „შემოამტვრია“ და ისარგებლა სხვა მეკარეების არყოფნით, რომელთა წასვლაც კლუბს არ დააზარალებს. ასეთ შემთხვევაში დიდი მეკარე გახდება.
მან მოსამზადებელ ეტაპზე თავი უკვე გამოიჩინა. მაგრამ მისი დებიუტი „მესტალიაზე” („ვალენსიას“ სტადიონი) მეტყველებს, რომ ის არის გმირი და რომ ბევრი ღირსება გააჩნია. ზედმეტი ხმაურის გარეშე ვიტყვით, რომ გიორგი ნამდვილი მეკარეა. არანაირი უცნაურობები არ ახასაითებს – მან რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია.
უკანასკნელ ეპიზოდში მან წარმოუდგენელი დარტყმა მოიგერია. როდესაც „ხეტაფეს“ მწვრთნელი გოლის აღნიშვნას აპირებდა. ოცნებობდა დებიუტზე და საფინალო სასტვენის შემდეგ ბალახზე დაეცა და თანაგუნდელებმა კარგი თამაში მიულოცეს.
„ელ მუნდო“
„ვალენსია“ „ხეტაფესთან“ მე-3 წუთიდან 10 კაცით თამაშობდა. ბოლო ერთ საათში სტუმრებს გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ისინი მამარდაშვილის მძლავრ წინააღმდეგობას წააწყდნენ“.
„სუპერდეპორტე“
„მესტალიას“ გმირი, რომელსაც არავინ ელოდა
„მესტალიას“ ახალი კერპი გამოუჩნდა, რომელიც, როგორც ყოველთვის, მოულოდნელად გამოჩნდა. ეს სხვა არავინაა, თუ არა გიორგი მამარდაშვილი. მეკარე მატჩის ვარსკვლავი იყო, რადგან გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა. მან მოახერხა და თაყვანისმცემლები გაიჩინა. არ აქვს მნიშვნელობა, ბოლო წუთზე მის მიერ მოგერიებული დარტყმის დროს „ხეტაფეს“ მოთამაშე იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობაში. როდესაც მისი სახე ტაბლოზე გამოჩნდა, გულშემატკივრები წამოდგნენ და მას ტაშს უკრავდნენ“.
20 წლის მამარდაშვილი მეოთხე ქართველია გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძის და გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ, რომელმაც „ლა ლიგის“ გუნდში ითამაშა. პირველი სათამაშო დღე 17 აგვისტომდე გაგრძელდება. მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში თავის შანსს კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ელის – „ლევანტეში“ 22 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, ხოლო „დეპორტივო ალავესში“ – 19 წლის თავდამსხმელი გიორგი გაგუა.