გამოცემა FourFourTwo - საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე სტატისტის როლში არ იქნება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ახლა ყალიბდება, ქვეყანა ისტორიაში თავისი პირველი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, „ჯვაროსნები“ გერმანიაში სტატისტის როლში არ იქნებიან – ასეთია გამოცემა FourFourTwo-ს შეფასება.
„საქართველოს ნაკრებისთვის დიდ საფეხბურთო ტურნირზე მოხვედრა ცოტა ხნის წინ მიუღწეველი ჩანდა, მაგრამ ეს რეალობად მას შემდეგ იქცა, რაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ევრო 2024-ზე თამაშის უფლება საბერძნეთთან გამარჯვებით მოიპოვა.
გუნდს ევრო 2020-ზე თამაშის შანსიც ჰქონდა, მაგრამ მაშინ პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა. ახლა კი საქართველომ ისტორია დაწერა, პლეი ოფის ნახევარფინალში – ლუქსემბურგი, ფინალში კი საბერძნეთი დაამარცხა და გერმანიაში თამაშის უფლება მოიპოვა. შედეგად, ყველამ იხილა ის საოცარი კადრები, როდესაც თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გულშემატკივარმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გუნდთან ერთად იზეიმა.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვილი სანიოლი წვრთნის, ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან (ევრო 2016-ის გამარჯვებული) ერთად ითამაშებს და, წინასწარი ვარაუდით, ჩემპიონატზე უბრალო სტატისტის როლში არ იქნება.
მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ვილი სანიოლი (58 მატჩი ნაკრებში, ითამაშა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში) საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სათავეში 2021 წელს ჩაუდგა, მანამდე ის საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებსა და „ბორდოს“ ხელმძღვანელობდა, მიუნხენის „ბაიერნში“ კი კარლო ანჩელოტის თანაშემწე იყო.
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი – ხვიჩა კვარაცხელია
კვარაცხელიამ, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, 2017 წელს, 16 წლისამ თბილისის „დინამოსთან“ გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ მალე კლუბთან უთანხმოების გამო „რუსთავში“ გადავიდა, საიდანაც ჯერ – რუსეთში, ბოლოს კი იტალიაში მოხვდა.
„ნაპოლიში“ მისი დებიუტი შთამბეჭდავი იყო. პირველივე სეზონში კვარაცხელია გუნდს სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა და ტოპკლუბების სატრანსფერო სიაში მოხვდა. ხვიჩამ ნაკრებში 28 მატჩში 15 გოლი გაიტანა და, დიდი ალბათობით, მალე საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდება“, – წერს გამოცემა FourFourTwo.