გამოცემა „ჩემპიონატი“ კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერმა გააღიზიანა - 30 მილიონად შეიძლება ამ ასაკის უფრო ეფექტური გარემარბი იპოვოთ #1TVSPORT
გამოცემა „ჩემპიონატის“ ავტორი ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გრანდების დაინტერესებაზე გავრცელებული ხმები გადაჭარბებულია.
გამოცემამ რამდენიმე ფეხბურთელი დაასახელა, რომელთაც ავტორის აზრით, აპიარებენ – სიას სათავეში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი უდგას.
ფეხბურთელის ოჯახის, ხვიჩას მენეჯერის მამუკა ჯუღელის და კახა კალაძის (რომელსაც ხვიჩას მიმართ „მილანის“ და „ნაპოლის“ ინტერესზე ინფორმაცია უშუალოდ კლუბებიდან აცნობეს) მტკიცებების საპასუხოდ, რუსული გამოცემა წერს, რომ ეს ყველაფერი გადაჭარბებულია?!
„ხვიჩა კვარაცხელია – პიარის მიხედვით, კვარაცხელიასთვის ევროპის ტოპ-ლიგების დიდი კლუბები იბრძვიან – „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „ინტერი“, „ატალანტა“, „ნაპოლი“, „უდინეზე“, „სასუოლო“, „ტორინო“, „ლიდსი“, „სევილია“, „დორტმუნდი“ და „აიაქსი“. ტურინური კლუბი მზად არის გადაიხადოს 20 მილიონი ევრო ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შემთხვევაში. „რუბინის“ სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი აცხადებს, რომ კვარაცხელიას ფასი 30 მილიონი ევროა“, – წერს გამოცემა.
ავტორი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს.
„ხვიჩა ბრწყინვალე დრიბლიორია და შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მაგრამ მხოლოდ პირველი წარმატებული წელია და სეზონში მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა. 30 მილიონ ევროდ შეიძლება იპოვოთ ამ ასაკის უფრო ეფექტური გარემარბი. მისი კიდევ ერთი ნაკლი უბურთოდ თამაშია. ვხედავთ, თუ რამდენად გაუჭირდა ალექსეი მირანჩუკს სერია A-ს მოთხოვნებთან ადაპტაცია და ტოპ-კლუბების სკაუტებსაც ესმით, ამ მხრივ „რუბინის“ ვარსკვლავსაც გაუჭირდება. Transfermarkt ქართველ ფეხბურთელს 15 მილიონად აფასებს და ყაზანურ კლუბსაც ამ თანხის იმედი უნდა ჰქონდეს, თანაც „ბაიერნიდან“ და „იუვენტუსიდან“ შორს მდგომი კლუბებისგან“.