გამარჯვება ტაშკენტის „პახტაკორთან“ - ბათუმის „დინამომ“ შეკრებაზე ისევ მოიგო #1TVSPORT
თურქულ შეკრებაზე ქართული გუნდებიდან ბათუმის „დინამო“ იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ძლიერ გუნდებს ხვდება და იგებს. კარგი თამაშით და მოგებით გია გეგუჩაძის გუნდმა გულშემატკივრები ამჯერადაც გაახარა.
„ოლექსანდრიას“ (4:2) და „ლიეპაიას“ (3:0) დამარცხების შემდეგ საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ზედიზედ მე-3 თამაში უზბეკეთის ჩემპიონთან, ტაშკენტის „პახტაკორთანაც“ მოიგო – 2:0.
დინამოელებმა ორივე გოლი მეტოქეს პირველივე ტაიმში გაუტანეს. მე-2 წუთზე „პახტაკორის“ მეკარე შეცდა და, თანაგუნდელის ნაცვლად, ბურთი ჯოვინო ფლამარიონს ჩააბარა, ბრაზილიელმა ლეგიონერმა კი ბურთი ცარიელ კარში გაიტანა.
ბათუმელებმა უპირატესობა მე-14 წუთზე სწრაფი შეტევით გაზარდეს. ჯოვინომ შეტევა მათე ვაწაძეს გაუგრძელა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა. ბათუმელებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ რეალური შანსებით ვერ ისარგებლეს.
„დინამო“ – „პახტაკორი“ 2:0
გოლები: 1:0 ჯოვინო (2), 2:0 ვაწაძე (14)
„დინამო“: ჩიჩკანი, ხარებავა, რეხვიაშვილი, კობახიძე, ჩაბრაძე, ვიდაკოვიჩი, ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ზარია, ფლამარიონი, ვაწაძე
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ქაფიანიძე, ბაგრატიონი, ლიტვინენკო, ბიძინაშვილი, კვერნაძე, თ. კაპანაძე, კონატე.
თურქულ შეკრებაზე ბათუმის „დინამო“ ბოლო ამხანაგურ მატჩს 16 თებერვალს გამართავს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მეტოქე ყაზახური „აკსუ“ იქნება.