გამარჯვება ბოლო წამზე გატანილი გოლით - თბილისის „დინამომ“ ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურამ“ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „ჯონი ბაკურიძე – არენაზე“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე გაშვებული გოლით დამარცხდა – 1:2.
ანგისას ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში სწრაფად გაიხსნა. მეორე წუთზე „შუქურას“ თავდამსხმელმა გია აფხაზავამ თბილისელთა მეკარის, დავით კერესელიძის შეცდომით ისარგებლა.
„დინამომ“ წონასწორობა ეფექტურად შესრულებული კუთხურით აღადგინა. ვაგნერ გონსალვეშის მოწოდებულ ბურთს ქუსლით მიმართულება ოსეი ბარნსმა შეუცვალა და კარის წინ დარჩენილმა დავით კობოურმა კარი ზუსტი თავური დარტყმით აიღო.
მეორე ტაიმში „დინამოს“ არაერთი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ გუნდები ქულებს გაიყოფდნენ, მაგრამ თბილისელების უკანასკნელი შეტევა წარმატებული გამოდგა, გაბრიელ სიგუამ კარის წინ ზორან მარუშიჩი მოძებნა, რომელმაც 90+6-ე წუთზე სტუმრებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ექვსი ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 16 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ (13 ქულა) გადაასწრო, ხოლო ქობულეთის „შუქურა“ ამ დროისთვის მეცხრე ადგილზე იმყოფება.