გალიდერების შანსი ვერც „დილამ“ გამოიყენა - „ტორპედოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-11 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა და ტური ამით დასრულდა.
გორში, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ „დილამ“ „თელავს“ უმასპინძლა და მოგების შემთხვევაში, პირველადგილოსან „დინამო თბილისს“ დაეწეოდა. მაგრამ გიორგი ნემსაძის გუნდმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0.
ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ გამართული მატჩი „ტორპედოსა“ და „სამტრედიას“ შორის კი მასპინძლეთა გამარჯვებით დასრულდა – 2:1. პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, სამივე ბურთი მეორე ნახევარში გავიდა. 49-ე წუთზე ანგარიში „ტორპედოს“ ნახევარმცველმა ოლეგ მამასახლისმა პენალტით გახსნა, რომელიც გიორგი ფანცულაიას წაქცევისთვის დაინიშნა. 64-ე წუთზე, სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს – მასპინძლებმა საჯარიმოში დავით თარგამაძე წააქციეს და მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ნიჯატ ყურბანოვმა შეასრულა. „ტორპედო“ 5 წუთში ისევ დაწინაურდა და ისევ გიორგი ფანცულაიას აქტიურობის შედეგად – ქუთაისელთა თავდამსხმელი სამ მცველს შორის დარჩა და დასარტყმელ პოზიციაზე მარტო დარჩენილი ზაზა ციცქიშვილი შენიშნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანაგარიში დააფიქსირა.
ეროვნულ ლიგაში ახლა ისევ პაუზა იქნება და შემდეგი ტურის ყველა შეხვედრა ერთ დღეს, 3 ოქტომბერს გაიმართება – რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდება. პირველივე ტურის შემდეგ მატჩები რამდენიმე დღეზე ნაწილდებოდა.