გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცინცინატის „მასტერსზე“ #1TVSPORT
გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცინცინატის „მასტერსზე“ #1TVSPORT

ტორონტოს „მასტერსის“ შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის „მასტერსში“ ითამაშებს და ბოლო რეპეტიციას გაივლის აშშ-ის ღია პირველობის წინ.

უკვე გაიმართა ტურნირის ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა პირველ წრეში ქართველის მეტოქე. ეს იქნება იტალიელი ვეტერანი ფაბიო ფონინი, რომელსაც 37-ე ადგილი უკავია ATP-ის რეიტინგში. აქამდე ეს ჩოგბურთელები პროფესიულ ტურში ერთმანეთს არ შეხვედრიან.

ბასილაშვილსა და ფონინის შორის მოგებული მეორე რაუნდში არგენტინელ გვიდო პელასა და ბელგიელ დავიდ გოფენს შორის მოგებულს შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი პირველ ორ წრეს გაივლის, მერვედფინალში მისი სავარაუდო მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელთანაც სწორედ ამ ეტაპზე დამარცხდა ტოკიოს ოლიმპიადაზე.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორი წრე გაიარა ტორონტოს „მასტერსზე“ და მერვედფინალში სამ სეტში წააგო პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩთან. ახალ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, ქართველი ორ ადგილს მოიგებს და მე-40 ჩოგანი იქნება.