გაირკვა მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრის თარიღი - მასპინძლებმა პარტნიორი ნაკრებები აირჩიეს #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო ორ შეხვედრას თებერვალში გამართავს. 23 თებერვალს ნიდერლანდებში ითამაშებს, 26-ში – თბილისში, ისლანდიასთან.
ჩვენს გუნდს ისტორიაში პირველად მუნდიალზე მოხვედრამდე ძალიან ცოტა აკლია. ვიდრე შესარჩევი ეტაპი დასრულდება, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებმა პარტნიორი ქვეყნები აირჩიეს. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მუნდიალი სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში გაიმართება.
იაპონიამ პარტნიორად სლოვენია აირჩია. ეს გუნდები ქალაქ ოკინავაში ითამაშებენ. ინდონეზიაში კანადის ეროვნული გუნდი ჩავა. ფილიპინებზე აშშ-ის ნაკრები ითამაშებს, თუმცა მასპინძელ ნაკრებთან ერთ ჯგუფში არ იქნება. საქმე ის არის, რომ ფილიპინებზე ოთხი ჯგუფის მატჩები გაიმართება, იაპონიასა და ინდონეზიაში – ორ-ორი.
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 32 გუნდი 8 ჯგუფადაა გაყოფილი. თითოდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო ორ-ორი გავა და შედგება ოთხი ჯგუფი. ამას მოჰყვება 1/4-ფინალი, ნახევარფინალი და ფინალი.
მუნდიალის წილისყრა 29 აპრილს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართება.