გაირკვა კრიშტიანო რონალდოს „ჩელსისთან“ მატჩის განაცხადიდან გაყვანის დეტალები #1TVSPORT
გაირკვა კრიშტიანო რონალდოს „ჩელსისთან“ მატჩის განაცხადიდან გაყვანის დეტალები #1TVSPORT

ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიიღო გადაწყვეტილება – არ შეიყვანოს კრიშტიანო რონალდო პრემიერლიგის მე-13 ტურში „ჩელსისთან“ მატჩის განაცხადში. შეხვედრა შაბათს, 22 ოქტომბერს გაიმართება. ESPN-ის ბრიტანელმა ჟურნალისტმა რობ დოუსონმა გაარკვია დეტალები, რომელიც კლუბის ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

„რონალდო მომდევნო სამი დღის განმავლობაში არ ივარჯიშებს ძირითად შემადგენლობასთან. შაბათს ის არ იქნება „ჩელსისთან“ მატჩის განაცხადში. ეს ერიკ თენ ჰაგის გადაწყვეტილებაა, რასაც კლუბი მხარს უჭერს“, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.

ეს გადაწყვეტილება უკავშირდება პორტუგალიელის საქციელს „ტოტენჰემთან“ მატჩის ბოლოს, როცა ის არ დაელოდა თამაშის დასრულებას და ჯერ სათადარიგოთა სკამი დატოვა, შემდეგ კი „ოლდ ტრაფორდიც“.

შეხვედრა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2:0 მოიგო. ეს იყო სეზონში მერვე მატჩი რონალდოსთვის, როცა ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მეორე, როცა საერთოდ არ გასულა მოედანზე.