დღეს „გაგრა“ „კონფერენს ლიგის“ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამართავს. გაგა კირკიტაძის გუნდი მონტენეგროს „სუტიესკას“ დაუპირისპირდება და ეს „გაგრას“ ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება.
პირველი შეხვედრა საქართველოს თასის მფლობელმა მონტენეგროს ვიცე-ჩემპიონთან სუბოტიცაში ჩაატარა, ღირსეული წინაააღმდეგობა გაუწია და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. ეს „გაგრას“ და მის გულშემატკივრებს აიმედებს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლებელი არაა.
2004 წელს დაფუძნებული „გაგრა“ მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არაა – მას პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია, რადგან საქართველოს სახელს აფხაზეთის კლუბი წარმოადგენს. აგრეთვე, „გაგრა“ ერთადერთი გუნდია საქართველოში, რომელიც ევროსარბიელზე ისე გავიდა, რომ რანგით მეორე ლიგაში თამაშობდა. პირველად თასს 2011 წელს დაეუფლა, მეორედ კი საპატიო ჯილდო 2020 წელს მოიპოვა.
„გაგრას“ წარმატება მთავარ მწვრთნელს, გაგა კირკიტაძეს უკავშირდება, რომელიც 33 წლისაა. მან „მიხეილ მესხზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე გულახდილად ისაუბრა და მოახლოებული შეხვედრისთვის გუნდის მზადება და შანსები შეაფასა:
„პირველ მატჩში დავინახეთ „სუტიესკას“ დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ერთია, როდესაც თეორიულად ხედავ ნაკლს და მეორეა, როდესაც მას გამოიყენებ. პროცენტულად არ იქნება სწორი შანსების შეფასება. მე რეალისტი ვარ და ფაქტებით საუბარი მირჩევნია. ამიტომ, ამაზე საუბარს მოვერიდები. არ მინდა, რომ ხალხს ტყუილი მოლოდინები გავუჩინოთ, მაგრამ ერთი ვიცი – მოედანზე მოედანზე გულანთებულები გამოვალთ, რადგან საქართველოს წარმოვადგენთ და შევეცდებით, მოვიგოთ. ისიც ვიცით, რომ აფხაზეთიდან დევნილი ბევრი ადამიანი მოდის და მათი დიდი თანადგომის იმედი მაქვს“.
მონტენეგროს „სუტიესკას“ მთავარმა მწვრთნელი, მილია სავოვიჩი იმედოვნებს, რომ შემდეგ ეტაპზე მისი გუნდი გავა.
„პირველი მატჩის შედეგი დამაკმაყოფილებელია და უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ. მოედანზე მოსაგებად გავალთ, რადგან მინიმალური სხვაობით მოგება სარისკო შედეგია,“ – განაცხადა სავოვიჩმა.
შეხვედრას უნგრელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი ფერენც კარაკოა, მის ასისტენტებად იმუშავებენ გერგე ვიგ-ტარშონი და ნოირბერტ ბორნემისა, ხოლო მეოთხე მსაჯი პიტერ შოიმოში იქნება.
„გაგრა“-„სუტიესკას“ განმეორებითი მატჩი 15 ივლისს, თბილისში, „მიხეილ მესხი არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს „საქართველოს პირველი არხი“ შემოგთავაზებთ.