საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „გაგრას“ პრეზიდენტმა ბესიკ ჩიხრაძემ (რომელიც უკრაინაში საქმიანობს) ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „გაგრაში“ უკრაინაში გაზრდილი საქართველოს ნაკრების კანდიდატი, მეკარე ზაურ მახარაძე ვარჯიშობს.
„უკრაინასთან ჩვენი ინფრასტრუქტურის შედარება არ შეიძლება. იქ ომამდე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ძალიან განვითარებული იყო. სოფელს ვერ ნახავდით, სადაც კარგი მოედანი არ იყო. ყველას სურდა, თავისი გუნდი ჰყოლოდა. მათი გუნდებიც ჩვენზე წინ არიან.
უკრაინაში ჩემპიონატის საკითხი გადაუწყვეტელია – ამბობენ, რომ ჩემპიონატი პოლონეთში ან ლვოვში ითამაშონ. მაგრამ პერიოდულად რაკეტები ლვოვშიც მოფრინავს. ასეთი ვითარების მიუხედავად, ხედავთ კიდეც, უკრაინის ნაკრები როგორ თამაშობს.
სხვათა შორის, გვქონდა იდეა, რომ ამ დროს უკრაინიდან მოთამაშეები „გაგრაში“ ჩამოგვეყვანა. მაგრამ 18-დან 60 წლამდე მამაკაცმა არ შეიძლება ქვეყანა დატოვოს. გაგებული გექნებათ, კიევის „დინამოს“ მთელი შემადგენლობა ტერიტორიულ თავდაცვაში იყო. ახლა ჩვენთან ვარჯიშობს ზაურ მახარაძე და არაა გამორიცხული, „გაგრაში“ ითამაშოს.“