„გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტი სეზონის განახლებაზე - ყველაზე რეალურად ორწრიანი ჩემპიონატი და აგვისტოში დაწყება მიმაჩნია
საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ ჩემპიონატის განახლებას აგვისტოში იმედოვნებს.
„არსებული ვითარებიდან და მთავრობის დადგენილებებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ყველაზე რეალური გარდამავალი ჩემპიონატის ჩატარებაა, ხოლო ეროვნული ლიგის გათამაშება აგვისტოში თუ განახლდება“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ჩიხრაძე.
მისი თქმით, გუნდებს სხვადასხვა პოზიცია გააჩნიათ და ამის მოტივებიც დაასახელა: „ზოგიერთი გუნდის ხელმძღვანელს სურს, რომ წელს ჩატარებული ორი ტურის შედეგები განულდეს. ზოგს ეს არ აწყობს. . მაგალითად, ქობულეთის „შუქურამ“ საწყის ორ ტურში 6 ქულა დააგროვა, ზოგიერთმა კი ქულაც ვერ აიღო, მოკლე ჩემპიონატის დროს კი, 6 ქულა დიდი უპირატესობა იქნება. ამიტომ აზრთა სხვადასხვაობაა. ფეხბურთის ფედერაცია ვითარებას აფასებს და დარწმუნებული ვარ, ოპტიმალურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.“
„გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტმა ჩემპიონატის განახლების და ფორმატის ის ვარიანტი დაასახელა, რომელიც მისი აზრით ოპტიმალურია: „ეს ჩემი აზრია და თავს არავის ვახვევ. მიმაჩნია, რომ ჩემპიონატი ორ წრედ უნდა ჩატარდეს, ლიგიდან არავინ არ უნდა გავარდეს და ეროვნულ ლიგაშიც არავინ უნდა დაწინაურდეს. თუ ასე არ მოხდება, წელს ჩატარებული ორი ტურის შედეგები უნდა განულდეს და ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდეს.“