„გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტი - გაუგებარია, ფეხბურთზე ქომაგი რატომ არ უნდა მივიდეს
ეროვნული ლიგა-2-ის მონაწილის, „გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე ემხრობა ჩემპიონატის ისეთ ფორმატს, რომლითაც, პანდემიის განმეორების შემთხვევაში, გათამაშება არ ჩაიშლება..
„ეპიდემიოლოგები შემოდგომაზე ეპიდემიის ახალ ტალღას ელოდებიან. ჯერ კიდევ სამი თვის წინ გამოვთქვი ჩემი მოსაზრება – ორ წრედ ჩატარდეს გარდამავალი ჩემპიონატი, საიდანაც გუნდები არც აღზევდებოდნენ და არც გავარდებოდნენ. ამით ეპიდემიის განმეორების შემთხვევაში პირველობის ჩაშლას თავიდან ავირიდებდით“ – ამბობს გოდერძი ჩიხრაძე.
მისი აზრით, ეროვნული ლიგის მატჩების დროს სტადიონზე გულშემატკივარი უნდა შეუშვან: „გულშემატკივრის დასწრებაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა ვხედავთ, რაც ხდება დასასვენებელ პარკებსა და სავაჭრო ცენტრებში, გაუგებარია, რატომ არ უნდა მოვიდეს „გაგრას“ თამაშზე მისი ერთგული ქომაგი“.