„გაგრას“ უკრაინელი მეკარე - მჯერა, რომ ომში გავიმარჯვებთ და უკრაინელი ხალხი უკეთესად იცხოვრებს #1TVSPORT
„გაგრას“ უკრაინელი ახალწვეული, მეკარე ოლექსანდრ ვორობეი ლვოველია. „გაგრამ“ მასთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. საქართველოში ჩამოსვლამდე ფეხბურთელი უკრაინის პირველი ლიგის კლუბ „ალიანსში“ თამაშობდა, გუნდს კი საფრანგეთიდან შემოუერთდა.
„როგორ მოვხვდი საქართველოში? „გაგრას“ პრეზიდენტი, ბესო ჩიხრაძე ჩემს აგენტს დაუკავშირდა და საქართველოში ჩამოსვლა შემომთავაზა. მე ბევრი არ მიფიქრია და წინადადებას სიხარულით დავთანხმდი. დიდი ხანი არ არის, რაც გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. კარგი სამწვრთნელო შტაბით. ეს ვარჯიშებზე ჩანს. არიან ლეგიონერებიც. ვფიქრობ, კარგი ნაზავი გამოვა და ბრძოლისუნარიანი გუნდი ვიქნებით. ვიცი, რომ წელს კლუბის მიზანი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ვეცდები, გუნდს დავეხმარო“ – ამბობს უკრაინელი მეკარე.
ოლექსანდრ ვორობეის თქმით, საქართველოში თავს კარგად გრძნობს: „თქვენს ქვეყანაში პირველად ვარ. ბევრი მსმენია მასზე. ვიცი, რომ ამაყი ხალხის ლამაზი ქვეყანაა და ბევრი კარგი ადგილია დასათვალიერებლად. სამწუხაროდ, ჯერ დათვალიერება ვერ მოვასწარი. ვერც ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს გავუსინჯე გემო, მაგრამ მჯერა, ყველაფერი წინაა. გუნდში პირველი დღიდან ძალიან თბილად მიმიღეს. ბიჭები მეგობრულად მექცევიან. ჯერ სასტუმროში ვიყავი, ამჟამად ბინაზე ვარ, კლუბმა მიქირავა. საყოფაცხოვრებო პრობლემები არ მაწუხებს“.
მან თავის კარიერაზეც ისაუბრა: „ომის დაწყებამდე ვთამაშობდი უკრაინის პირველი ლიგის „ალიანსში“. როცა ომი დაიწყო, გუნდთან ერთად თურქეთში, შეკრებაზე ვიყავი. სამშობლოში აღარ დავბრუნებულვართ. იქიდან პირდაპირ საფრანგეთში წავედი და პარიზში დავბინავდი. ამაში დამეხმარა პარიზული კლუბის „პუასოს“ პრეზიდენტი, რომელსაც უკრაინული ფესვები აქვს. მან ყველა პირობა შეგვიქმნა და ფორმის შესანარჩუნებლად, კლუბთან ერთად ვარჯიში შემოგვთავაზა. ასე აღმოვჩნდი პარიზში. მოგეხსენებათ, მაშინ უკრაინის ჩემპიონატი არ მიმდინარეობდა და ასეთი შემოთავაზება ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო“.
უკრაინელმა მეკარემ ომის პირობებში ნათესავების და ოჯახის მდგომარეობაზეც ისაუბრა: „წარმოშობით ლვოვიდან ვარ. იქ მშობლები მყავს. ამჟამად, კარგად არიან. ბევრი მეგობარი მყავს ხარკოვში. ჩემი გუნდის მეკარეების მწვრთნელი ამჟამად იბრძვის. მინდა მას და ყველა მებრძოლს მოთმინება და გამძლეობა ვუსურვო. მსურს ეს ყველაფერი მალე დასრულდეს. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და უკრაინელი ხალხი უკეთესად იცხოვრებს, ვიდრე მანამდე ცხოვრობდა“.