„გაგრას“ სპორტული დირექტორი - კონფერენსლიგისთვის ლეგიონერებით გაძლიერება გვსურს
საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ მომდევნო სეზონისთვის ემზადება. როგორც კლუბის სპორტული დირექტორი, გიორგი შანიძე აცხადებს, გუნდი წელს ეროვნული ლიგა 2-ში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, ხოლო ევროსარბიელებამდე ლეგიონერების დამატებას აპირებენ.
„გაგრას“ სპორტული დირექტორი გიორგი შანიძე იმედოვნებს, რომ გუნდს წარმატების მიღებაში ფინანსური და შემადგენლობის სტაბილურობა ახალ სეზონში დაეხმარება.
„ჩვენ გუნდის ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ, რაც ნიშნავს, რომ ფინანსური კუთხით სტაბილურად გამოვიყურებით. ამ ეტაპზე სუპერ თასის ფინალისთვის ვემზადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მატჩია ჩვენთვის. წლევანდელი სეზონი უაღრესად გადატვირთული იქნება, გუნდს სამ ფრონტზე ბრძოლა მოუწევს – ლიგა 2, ეროვნული თასი და ევროპის კონფერენსლიგა. ბუნებრივია, ამ ტურნირებისთვის მზადების პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ. გუნდს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაემატა, რომლებსაც ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვთ. კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან მოლაპარაკება გვაქვს“,- ამბობს შანიძე.
„გაგრას“ სპორტული დირექტორის აზრით, გუნდი ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად მზად არის: „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორი პლეი-ოფი ვითამაშეთ და ეროვნული ლიგისგან ერთ ნაბიჯში ვიყავით. გასულ წელს ეროვნული თასის გათამაშება მოვიგეთ. შედეგად, ფინალის წაგების სინდრომი დავძლიეთ. მიმაჩნია, რომ მოგების დრო დადგა. შესაბამისად, გუნდი სამივე ფრონტზე წარმატების მიღწევას შეეცდება. რაც შეეხება კონკურენტებს, ლიგა 2-ში ყველა გუნდი ბოლომდე იბრძოლებს, ამიტომ ფავორიტების დასახელებისგან თავს შევიკავებ. სეზონისთვის მზადების პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი თბილისში იქნება, ზაფხულში კი ევროტურნირების დაწყებამდე, უცხოურ შეკრებაზე წასვლას ვგეგმავთ. არ არის გამორიცხული, კონფერენსლიგისთვის ლეგიონერებით გავძლიერდეთ“.