„გაგრას“ სენსაციური მოგება - „დინამო“ მესამე თამაშს ვერ იგებს #1TVSPORT
„გაგრა“ პირველი წრის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი შედეგის ავტორი გახდა. გაგა კირკიტაძის გუნდმა მე-9 ტურში თბილისის „დინამო“ დაამარცხა.
„დინამო“ რეალურად საკუთარ სტადიონზე იყო სტუმარი, რადგან „გაგრა“ მიმდინარე სეზონში დროებით საშინაო სტადიონად „დინამო არენას“ იყენებს. თბილისელები 24-ე წუთზე რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. „გაგრას“ თავდამსხმელის, მათე კვირკვიას სახიფათო შეტევა საბა ხვადაგიანმა შეაჩერა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს.
ამ ეპიზოდმა მატჩზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. ამის შემდეგ კაცნაკლული „დინამოს“ თამაში შეიცვალა და მატჩის ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა დაცვიდან ითამაშა. „გაგრა“ კი გათამამდა და რიცხობრივი უპირატესობით მეორე ნახევარში ისარგებლა. 75-ე წუთზე „გაგრას“ შეტევა მათე ვაწაძემ ოთარ ფარულავას გაუგრძელა, რომელმაც მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ მათე კვირკვია დატოვა, რომელმაც „გაგრა“ დააწინაურა 0:1.
საბოლოოდ შეხვედრა ასეც დასრულდა – „გაგრამ“ 1:0 მოიგო და სამი საფეხურით, მე-6 ადგილზე დაწინაურდა. „დინამომ“ ზედიზედ მესამე შეხვედრაა ვერ მოიგო, 15 ქულით მესამე ადგილზე დარჩა და ბათუმის „დინამოს“ (19 ქულა) და გორის „დილასთან“ (19 ქულა) ჩამორჩენა ვერ შეამცირა.