„გაგრას“ პრეზიდენტი ფინალში გასვლაზე - სტატისტიკა არ გვაინტერესებს, თასი მეორედ უნდა ავწიოთ!
„გაგრას“ პრეზიდენტი ფინალში გასვლაზე - სტატისტიკა არ გვაინტერესებს, თასი მეორედ უნდა ავწიოთ!

„გვჯერა, რომ 2011 წლის წარმატებას გავიმეორებთ!“ – ასე გამოეხმაურა „გაგრას“ პრეზიდენტი, ბესიკ ჩიხრაძე პირველ არხთან კომენტარში გუნდის წარმატებას.

უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მოქმედ ჩემპიონს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს – „აი, ჩვენ ფინალში ვართ! მაგრამ ამ ტურნირში მთავარი ფინალის მოგებაა. „გაგრა“ საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ ჩამოვაყალიბე და ჩვენი სურვილი მხოლოდ გამარჯვებაა. დანარჩენი მხოლოდ პრელუდია და სტატისტიკაა. ჩვენ კი მხოლოდ სტატისტიკის შექმნაში მონაწილეობა არ გვსურს. „გაგრა“ 2011 წელსაც რანგით მეორე ლიგაში თამაშობდა, მაგრამ მონდომებამ და რწმენამ სასწაულის შეგვაძლებინა. ეს სული „გაგრაში“ ახლაც ცოცხლობს.“ – განაცხადა ბესიკ ჩიხრაძემ.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში „გაგრამ“ თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ამგვარად, „გაგრა“ მეორედ გავიდა თასის ფინალში და მეორედაც ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება – პირველად ეს 2011 წელს მოხდა და გუნდი საპატიო პრიზის მფლობელი გახდა. ახლა აქვს შანსი, საპატიო პრიზს მეორედ დაეუფლოს.

შეხვედრის ჩატარების თარიღი და ადგილი ჯერ უცნობია და ფეხბურთის ფედერაცია მოგვიანებით დასახელებს. მაგრამ მატჩი წლეულს გაიმართება, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერში.