„გაგრას“ პრეზიდენტი - ჩვენ ვართ სიმბოლო, რომ გაგრა საქართველოა და ელიგაში გადასვლა დიდი პასუხისმგებლობაა #1TVSPORT
„გაგრას“ პრეზიდენტი - ჩვენ ვართ სიმბოლო, რომ გაგრა საქართველოა და ელიგაში გადასვლა დიდი პასუხისმგებლობაა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაწინაურებული „გაგრას“ პრეზიდენტმა, ბესიკ ჩიხრაძემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში არ დამალა, რომ სპონსორებს ეძებენ, მომავალ სეზონში ღირსეულად რომ ითამაშონ.

„ძალიან გამიხარდა, რომ გუნდმა ეს ბარიერი მეორე მცდელობაზე მაინც დაძლია და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.თუმცა ამავე დროს, ძალიან დიდია პასუხისმგებლობა და ამიტომ სპონსორია მოსაძებნი. გუნდს ახლა მხოლოდ მე და გოდერძი ჩიხრაძე ვპატრონობთ, მაგრამ ჩვენი რესურსი მთავარი ლიგისთვის საკმარისი ვერ იქნება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „გაგრას“ პრეზიდენტმა.

ბესიკ ჩიხრაძე იმედოვნებს, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობას შეინარჩუნებს:

„შევეცდებით, ჩვენი გუნდის ბირთვი შევინარჩუნოთ და იმედია, სპონსორების მოვიზიდავთ. სამწუხაროდ, ახლა საქართველოში „გაგრას“ მიმართ ბიზნესი იმ ინტერესს ვერ ავლენს, რაც გვგონია, რომ დავიმსახურეთ. „გაგრა“ არაა მხოლოდ კლუბი, ის აფხაზეთთან დაკავშირებული სიმბოლოა. ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ ამის განცდა ბევრს არ აქვს. მე კი კლუბი სწორედ ამიტომ შევქმენი, რომ საქართველოს სახელით ევროსარბიელზე გამეყვანა და ეს ორჯერ მოვახერხეთ – უეფა-ს თასზე და კონფერენს ლიგის გათამაშებაში. ყველგან ეწერა – გაგრა, საქართველო“.

„გაგრას“ პრეზიდენტს, რომელიც ბიზნესს უკრაინაში აწარმოებს, ვითარება კორონავირუსის პანდემიამ გაურთულა და სხვა პრობლემებიც ახსენა: 

პანდემიამ ყველას გაურთულა საქმიანობა და გამონაკლისი მეც არ ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ „გაგრას“ მომავალი აქვს და სანამ გაგრაში არ დავბრუნდებით, მანამდე ჩვენს გუნდს მივხედავ. სპონსორებს უცხოეთშიც ვეძებთ. თუმცა რეალობას ვერ გავექცევით – გუნდს არც სტადიონი აქვს, ბილეთებიდან შემოსავალიც ნულის ტოლია და რა უნდა შევთავაზოთ უცხოურ ბიზნესს, რომ წამოვიდეს? შეთავაზებას აზრი უნდა ჰქონდეს. მაგრამ გამოსავალს მოვძებნით, მონახაზიც უკვე არის. ვნახოთ, აქედან რა გამოვა“.