„გაგრას“ მწვრთნელი ვაწაძით კმაყოფილია - ეროვნულ ლიგას ასეთი ფეხბურთელები მხოლოდ გააძლიერებენ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-3 ტურში „გაგრამ“ თბილისის „ლოკომოტივი“ გასვლაზე 2:0 დაამარცხა – გაგა კირკიტაძის გუნდმა დაამტკიცა, რომ ელიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ გუნდთან იოლი გასეირნება არავის ელის.
„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე იმედოვნებს, რომ გუნდის პროგრესი გაგრძელდება. ამავე დროს, ახალწვეულზე, თავდამსხმელ მათე ვაწაძეზე ილაპარაკა, რომელმაც „ლოკომოტივთან“ დუბლი შეასრულდა და გუნდის გამარჯვება განაპირობა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „ლოკომოტივთან“ გავიმარჯვეთ. მაგრამ ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ გუნდი ნელ-ნელა იწყებს იმ თამაშს, რომელიც გვსურდა. ბევრი ახალი ფეხბურთელია და ყოველ ტურში უკეთესად ვიქნებით. რა თქმა უნდა, ვაწაძე გამოცდილი და კარგი ფეხბურთელია, ეროვნულ ჩემპიონატს კი ასეთი ფეხბურთელები მხოლოდ გააძლიერებენ. თავიდან კონდიციებში არ იყო, მაგრამ ეტყობა, რომ ნელ-ნელა მოუმატა, „ლოკომოტივთანაც“ წინა მატჩზე უკეთ გამოიყურებოდა და მას მადლობა მინდა გადავუხადო“, – ამბობს გაგა კირკიტაძე.
მათე ვაწაძე, „გაგრას“ თავდამსხმელი: „გოლი ყოველთვის სასიხარულოა, მით უმეტეს, როდესაც ამ გოლებით გუნდი იგებს და 3 ქულას მოიპოვებს. გეგმა, რომელზეც თამაშამდე ერთკვირიან ციკლში ვმუშაობდით, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად შევასრულეთ – გადამწყვეტ ეპიზოდებში ჩვენი მომენტები გამოვიყენეთ. რა თქმა უნდა, გუნდში და პირადად ჩემში გამარჯვებამ დადებითი ემოციები გამოიწვია და შეგვიძლია ამით ვიზეიმოთ. მაგრამ ეს არაფერია, ჯერ მხოლოდ სამი ტური ჩავატარეთ, წინ კი დიდი სეზონია. ამიტომ უკვე შემდეგი ტურის მატჩზე უნდა დავიწყოთ ფიქრი“.