„გაგრას“ მწვრთნელი - პლეი ოფში შარშანდელმა წაგებამ მასწავლა, როგორ ვითამაშოთ ორმატჩიანი დაპირისპირება #1TVSPORT
„გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა, გაგა კირკიტაძემ ეროვნული ლიგის პლეი ოფში ქობულეთის „შუქურას“ დამარცხებასა და ეროვნულ ლიგაში გადასვლაზე კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ში „გაგრა“ მეორე ადგილზე გასულ სეზონშიც გავიდა და პლეი ოფში დამარცხდა, წელს კი ქობულეთის „შუქურა“ (გასვლაზე დასრულებული 0:0-ის შემდეგ) სახლში 1:0 დაამარცხა.
„პლეი ოფში შეგვხვდა „შუქურა“, რომელიც ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. მათ წარმატება მინდა ვუსურვო. რთულ თამაშს ველოდებოდით. მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებმაც ამ თამაშში მთელი გული და სული ჩადეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის ფეხბურთი გვეთამაშა, რაც შედეგს მოგვიტანდა. მიხარია, რომ შრომა დაგვიფასდა და მომავალ წელს ეროვნულ ლიგაში ვითამაშებთ, სადაც ბევრად ძლიერი მეტოქეები გვეყოლება, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გაგა კირკიტაძემ საქართველოს პირველ არხთან.
მისი თქმით, 2020 წელს პლეი ოფში წაგებამ ბევრი რამ ასწავლა:
„მიხარია, რომ გუნდი ეროვნულ ლიგაში გავიყვანე. ამას ორი წელი ველოდი, ზედიზედ მეორედ მივიღეთ პლეი ოფში მონაწილეობა და შარშანდელმა წაგებამ დიდი გამოცდილება მოგვცა. ამ კუთხით, გამოცდილება კონფერენს ლიგაზე „სუტიესკასთან“ მატჩშიც მივიღეთ. უპირველესად, ის ვისწავლე, როგორ უნდა ვითამაშოთ ორმატჩიანი დაპირისპირება. რა დასამალია, შარშან თასის მოგების შემდეგ, თავდაჯერებულები ვიყავით და შევცდი, როდესაც გუნდი შეტევაში ვათამაშე. წელს ბევრად უფრო პრაგმატულად გათვლილი ტაქტიკა გვქონდა და ამან შედეგიც მოგვიტანა. მთავარი შედეგი იყო და არ დავმალავ, ხარისხზე წინ შედეგი დავაყენე და შესაბამისი ტაქტიკით ვითამაშეთ“.
გაგა კირკიტაძე საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ აღზრდილია. ამ კლუბში დაიწყო მისი როგორც საფეხბურთო, ასევე სამწვრთნელო კარიერა. 2018 წელს უკრაინელი სპეციალისტის, დენის ხომუტოვის ასისტენტი გახლდათ.
„გაგრაში“ 2004-2007 წლებში თამაშობდა. შემდეგ იყო სხვა კლუბებიც, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი 2009 წელს იგი „გაგრაში“ მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. აღნიშნულ სეზონში გაგა კირკიტაძე პაატა გოცირიძის ასისტენტი გახლდათ. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2020 წელს საქართველოს თასი მოიპოვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა.