„გაგრას“ მწვრთნელი - ერთ მშვენიერ დღეს, გაგრა თავის საფეხბურთო კლუბს დაიბრუნებს #1TVSPORT
„ვფიქრობ, პირველი წრის შეხვედრები ურიგოდ არ ჩაგვიტარებია. ჩემპიონატის დაწყებამდე დიდი ამბიციები არ გვქონია“, – ამბობს „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე.
ეროვნული ლიგის პირველი წრე გუნდმა მე-6 ადგილზე დაასრულა. „გარგამ“ სამივე თბილისური კლუბი დაამარცხა – „ლოკომოტივი“, „საბურთალო“ და თბილისის „დინამო“, რაც ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდისთვის შთამბეჭდავი შედეგია.
„გაგრას“ წარმატება ახალგაზრდა მწვრთნელს, გაგა კირკიტაძეს უკავშირდება – მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2020 წელს საქართველოს თასი მოიპოვა, ევროტურნირზე ითამაშა და ლიგა 2-დან ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა. მსგავსი შედეგით ბევრი გამოცდილი სპეციალისტი ვერ დაიკვეხნის. მით უფრო იმ მწირი რესურსის გათვალისწინებით, რაც „გაგრას“ აქვს. კირკიტაძემ გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა:
„წლევანდელ სეზონში ჩვენი გუნდი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. მიიღებს საჭირო გამოცდილებას და შემდეგ შევხედავთ, რა შესაძლებლობები გვექნება კლუბის უფრო მეტად განვითარებისთვის. პირველ ტურებში ბევრი რამ გამოგვდიოდა. შემდეგ იყო სანაკრებო პაუზა, უამინდობით გამოწვეული გადადებული თამაში და ამან რიტმიდან ამოგვაგდო.
– ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ჩვენი მეტოქე. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ხან გამოგვდის, ხან არა. ეს ფეხბურთია. თამაში ყოველთვის ისე არ ვითარდება, როგორც გვსურს. ბევრი კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ.
– ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს. მთავარია აქედან უფრო ძლიერი გამოვიდეთ. ჩვენი სისტემა მუშაობს. ყველა მეტოქე ნანახი გვყავს. ვიცით მათი შესაძლებლობები და მეორე წრიდან შევეცდებით, მათ წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ვითამაშოთ. ეროვნული ლიგის ყველა გუნდს შევხვდით. მედლებისთვის რამდენიმე გუნდი იბრძოლებს, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ვფიქრობ ბათუმის „დინამო“ სულ სხვა საფეხურზე დგას.
– სეზონის წინ „გაგრაში“ გამოცდილი ფეხბურთელები მოვიდნენ. მაგალითად, ბექა ქურდაძე დავიბრუნეთ. ვიცით მისი შესაძლებლობები და გვეიმედება. ყველა ფეხბურთელს, ვინც დაგვემატა თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. მათი მოსვლით გუნდის თამაში დაბალანსდა. გაჩნდა კონკურენცია, რაც დადებითი მოვლენაა. ვფიქრობ, ისინი თავის ამპლუაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან საქართველოში. ამას მინდორზე ამტკიცებენ და დაამტკიცებენ მომავალშიც.
– ბევრი გაგრელი მეგობარი მყავს, ვისაც ძალიან სურს ჩვენი გუნდის თამაშებზე დასწრება, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, ამას ვერ ახერხებს. დიდ წუხილს გამოთქვამენ. სინამდვილეში, ჩვენ გულშემატკივრების დიდი არმია გვყავს. სამწუხაროდ, ვინაიდან ოკუპირებული ტერიტორიის გუნდი ვართ, საკუთარ კედლებში ვერ ვთამაშობთ და მატჩების მუდმივად სტუმრად გამართვა გვიწევს. ვიმედოვნებ, ერთ მშვენიერ დღეს, ეს მოცემულობა შეიცვლება და ქალაქი გაგრა თავის საფეხბურთო კლუბს დაიბრუნებს“.