„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი - „ტორპედოსთან“ მატჩს ფსიქოლოგიურად კარგად ვერ შევხვდით
„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი - „ტორპედოსთან“ მატჩს ფსიქოლოგიურად კარგად ვერ შევხვდით

„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე ეროვნული ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედოსთან“ წაგებით იმედგაცრუებულია. მისი შეფასებით, გუნდი შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურად კარგად ვერ მოემზადა.

„ძალიან ცუდია, რომ წავაგეთ. ბევრი შეცდომა დავუშვით. გამოჩნდა, რომ „ტორპედო“ ამ მატჩისთვის მაქსიმალურად იყო მომზადებული. ჩემი აზრით, ჩვენ ამ თამაშს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კარგად მომზადებულები ვერ შევხვდით“, – აცხადებს გაგა კირკიტაძე.

„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი წაგების მიუხედავად იმედოვნებს, რომ განმეორებით შეხვედრაში გუნდი ვითარების გამოსწორებას და ეროვნულ ლიგაში ადგილის მოპოვებას შეძლებს:

„შანსებს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისში ისეთი მატჩი არ იქნება, ერთმა მეტოქემ მეორეს ერთი თავით რომ აჯობოს და რომ ვინმე თქვას, „ტორპედო“ აუცილებლად გავაო. ჩვენ ამ თამაშიდან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და დღეს დაშვებული შეცდომები განმეორებით მატჩში აღარ გავიმეოროთ. გულახდილად ვამბობ, „გაგრას“ აქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, ეს უპირატესობა რომ აღმოვფხვრათ“.

კირკიტაძე არ უარყოფს, რომ გუნდი საქართველოს თასის მოპოვებამ მოადუნა:

„მეც ასე ვთვლი, რომ ეს ფაქტორიც იყო. ამის შესახებ ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ რეალურად ფეხბურთელები ისევ იქ, იმ დღის გავლენის ქვეშ არიან. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავეშვათ მიწაზე. აქამდე მოვედით და განმეორებითი მატჩი ღირსეულად უნდა ჩავატაროთ“.