„გაგრას“ კაპიტანი – საინტერესო აფრიკელი ლეგიონერები დავიმატეთ და ბრძოლისუნარიანი გუნდი ვიქნებით #1TVSPORT

16:30, 14.08.2022

„გაგრას“ კაპიტანმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ვასილ ხოსიტაშვილმა გუნდის განახლებულ შემადგენლობასა და ეროვნული ლიგის განახლების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი ელიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

„სეზონის განახლების წინ კლუბი ლიდერებმა დატოვეს და გუნდის თავიდან შეკოწიწება მოგვიხდა. ერთი თვის წინ შევიკრიბეთ. ამჟამად, შეთამაშების პროცესში ვართ. მიმაჩნია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია ამ ეტაპზე. შეთამაშების და ახალ ფეხბურთელებთან ადაპტაციის პროცესი მალე უნდა გავიაროთ“, – ამბობს „გაგრას“ კაპიტანი.

ვასილ ხოსიტაშვილმა კომენტარი ახალ მოთამაშეებზეც გააკეთა.

„კარგი პიროვნებები არიან, როგორც ადამიანები და როგორც ფეხბურთელები. ისე შეეწყვნენ ჩვენ გუნდს, თითქოს დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ. მაგალითად, მაქაცარია წლების განმავლობაში ჩვენი მეგობარი და თანაგუნდელი იყო. ახლა დაბრუნდა და მას ბუნებრივია, ადაპტაცია არ გასჭირვებია. აფრიკელი ლეგიონერებიც საინტერესო ფეხბურთელები არიან. ვფიქრობ, ბრძოლისუნარიანი გუნდი ვიქნებით“.

გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა „ლოკომოტივთან“ მოახლოებულ თამაშზეც ისაუბრა.

„ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ბუნებრივია გამარჯვება გვსურს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ თამაშში 3 ქულის მოპოვება, – ფსიქოლოგიურადაც და სატურნირო თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, მოგებაზე თამაში შეგვიძლია“.

„გაგრა“ ეროვნულ ლიგაში სეზონს „ლოკომოტივთან“ მატჩით დღეს, კვირას, 14 აგვისტოს განაახლებს – გაგა კირკიტაძის გუნდი საგურამოს „ლოკო – არენაზე“ ითამაშებს.

მსგავსი