„გაგრამ“ „თელავის“დამარცხებით აუტსაიდერებთან სხვაობა გაზარდა, ეროვნულ ლიგაში შესვენება დაიწყო #1TVSPORT
„გაგრამ“ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში სტუმრად „თელავი“ 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში აუტსაიდერთა ჯგუფთან უპირატესობა გაზარდა.
„კავკასიონი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა. როინ ოდიშელიძის გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ზურაბ მუსელიანი აღმოჩნდა და მან სეზონში მეშვიდე გოლის გატანა მოახერხა.
მეორე ტაიმში „თელავი“ უტევდა, მომენტების შექმნასა და თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ „გაგრას“ დაცვას ვერაფერი მოუხერხა. საბოლოოდ, გუნდი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და საქმე ძალიან გაირთულა.
20 ტურის შემდეგ „თელავი“ 11 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა, ხოლო „გაგრამ“ 17 ქულა დააგროვა, მეშვიდე ადგილზეა და აუტსაიდერთა სამეულთან სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდა.
ამ მატჩით ეროვნულ ლიგაში საგაზაფხულო ეტაპი დასრულდა და ორთვიანი პაუზა დაიწყო, რომელიც სანაკრებო და ევროტურნირების მატჩებითაა გამოწვეული. ჩემპიონატი 5 აგვისტოს განახლდება.