„გაგრამ“ „სამტრედია“ დაამარცხა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-4 ტურში „სამტრედიამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ – მე-12 წუთზე რევაზ ინჯგიას მიერ წამოწყებული შეტევა გიორგი გოგოლაშვილმა დააგვირგვინა.
„გაგრამ“ თამაშში გარდატეხის შეტანა პირველივე ტაიმში შეძლო – 22-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ექვს წუთში, მათე ვაწაძის საგოლე გადაცემის შემდეგ გიორგი ხარებაშვილმა გუნდი წინ გაიყვანა – 2:1. 48-ე წუთზე მათ როლები გაცვალეს – ამჯერად ხარებაშვილის გადაცემით თავი ვაწაძემ გამოიჩინა.
„გაგრამ“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და სამი ქულით მე-8 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სამტრედია“ (2) მე-9 ადგილზე დაქვეითდა.