ახალი თბილისის სპორტულ კომპლექსში გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ეროვნული ლიგის მეოთხეადგილოსანი „ლოკომოტივი“ საქართველოს თასის მფლობელ „გაგრას“ დაუპირისპირდა.
ანგარიში პირველ ტაიმში თამაზ მაქაცარიამ გახსნა. მალევე მეორე გოლი მისივე გადაცემით ლუკა კიკაბიძემ გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმში თორნიკე მუმლაძემ დააფიქსირა და „გაგრამ“ რანგით მაღალი ლიგის გუნდი 3:0 დაამარცხა.
გამოჩნდა, რომ „გაგრა“ ახალ სეზონში სერიოზულ ძალად ყალიბდება. მან მოსამზადებელ ეტაპზე ეროვნული ლიგის ლიდერებთან მშვენიერი შედეგები აჩვენა – გორის „დილას“ სტუმრად 5:3 სძლია, ბათუმის „დინამოსთან“ 2:2 ითამაშა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ კი მოსამზადებელ ეტაპზე „გაგრამდე“ სამი ტესტ-მატჩი გამართა – ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებულ საგარეჯოს „გარეჯს“ 8:0 აჯობა, „საბურთალოსთან“ შეხვედრა 1:1 დაასრულა, ხოლო ბათუმის „დინამოსთან“ 1:2 დამარცხდა.
„ლოკომოტივის“ პრესსამსახურის ცნობით, ამ მატჩის შემდეგ გია ჭიაბრიშვილის გუნდი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გამართავს. იქ „ლოკომოტივი“ ხუთ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.