„გაგრამ“ კონკურენტი გასვლაზე დაამარცხა - „ტორპედომ“ წარუმატებელი სერია შეწყვიტა #1TVSPORT
„გაგრა“ ეროვნულ ლიგაში „კავკასიონი არენაზე“ უშუალო კონკურენტს, „თელავს“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით მეტოქეს გადაასწრო – 1:0.
24-ე ტურის დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე გავიდა. სტუმართა ნახევარმცველმა, გიორგი პაპუაშვილმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, ძლიერი დარტყმით გუნდს სამი ქულა მოუტანა და „გაგრა“ (24) მე-8 ადგილზე დააწინაურა, ხოლო „თელავი“ (23) მე-9 პოზიციაზე დააქვეითა.
ქუთაისის „შენგელია არენაზე“ „ტორპედომ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და ორმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა. არაერთი მომენტის მიუხედავად, სტივ კინის გუნდმა ანგარიში მხოლოდ 75-ე წუთზე ცოტნე ფაცაციას გოლით გახსნა. „კოლხეთს“ მეორე გოლი 90+1-ე წუთზე ბიორნ იონსენმა გაუტანა და ლიგის ბომბარდირებში 14 გოლით ერთპიროვნული ლიდერია.
ეროვნულ ლიგაში გამართული 24 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ (45) „იბერიას“ (45) დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილზეა. ფოთის „კოლხეთი“ (28) კი მე-7 ადგილზე დარჩა.