„გაგრამ“ „დილას“ ამხანაგურ მატჩში აჯობა
„გაგრამ“ „დილას“ ამხანაგურ მატჩში აჯობა

გორის „დილამ“ და „გაგრამ“ ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა.

გორელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, ანდრეი დემჩენკო ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელიც გასული წლის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა. ასევე რადიკალური ცვლილებები მოხდა „გაგრაში“, რომელმაც ბევრი მოთამაშე გაუშვა, მაგრამ ბევრი ახალწვეული ჰყავს და გაძლიერდა, რადგან წელს უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენციათა ლიგაზე ითამაშებს. გუნდმა საჩხერეს „ჩიხურადან“ შემტევი ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე დაიმატა, ხოლო ქუთაისის „ტორპედოდან“ – თავდამსხმელი დავით იონანიძე.

ამხანაგური შეხვედრა გორის რაგბის ბაზაზე გაიმართა – პირველი ნახევარი „დილას“ გამარჯვებით დასრულდა 3:2. „გაგრამ“ მეორე ნახევარში მდგომარეობა გამოასწორა, მეტოქეს სამი გოლი გაუტანა და 5:3 მოიგო. გამარჯვებულებიდან თავი გამოიჩინეს გიორგი ქობულაძემ, დავით იონანიძემ, გიორგი მეტრეველმა, ლუკა კიკაბიძემ და 17 წლის ლაშა ჩიხრაძემ, რომელიც მთავარ გუნდში წელს დააწინაურეს.

აქვე ვიტყვით, რომ „გაგრამ“ უარყო ქობულეთის „შუქურას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, გუნდის ცენტრალური მცველი ამ გუნდში გადავიდა.