„გაგრამ“ აუტსაიდერთა მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას თავი დაააღწია #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში აუტსაიდერთა ზონის გუნდების დაპირისპირებაში „გაგრამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და როგორც ამ შემთხვევაში ამბობენ, ე.წ. „ექვსქულიანი“ მატჩი მოუგო – 2:1.
31-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც თბილისის „პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა, „გაგრა“ სწრაფად დაწინაურდა – მე-6 წუთზე სტუმართა კარი ოთარ აფციაურმა აიღო და შესვენებამდე მასპინძლებმა მინიმალური უპირატესობა მოიპოვეს.
მეორე ნახევარი „სამტრედიამ“ კარგად დაიწყო და 48-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. განელმა ნახევარმცველმა, დანიელ ოვუსუმ გადაცემა ჩაჭრა, კარისკენ დაიძრა და ზუსტი გასროლით „გაგრას“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
„გაგრამ“ ბოლომდე იბრძოლა და სასურველ შედეგს მაინც მიაღწია. 84-ე წუთზე ბექა გაბისკირიამ კარის წინ გახსნილი გიორგი ხარებაშვილი მოძებნა, რომლიც დარტყმაც სტუმართა მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ვეღარ აჯობა.
გიორგი ონიანის გაწვრთნილმა „გაგრამ“ ამ მოგებით 32 ქულა დააგროვა, ფოთის „კოლხეთს“ (31) გადაასწრო და მე-7 პოზიციაზე დაწინაურდა. „სამტრედია“ (26) კი ბოლო, მე-10 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.