„გაგრამ“ ახალწვეული წარადგინა #1TVSPORT
„გაგრამ“ ახალწვეული წარადგინა #1TVSPORT

„გაგრამ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ეროვნულ ლიგაში დარჩენილი გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად განახლებულია.

ახალი სეზონიდან გუნდს რამდენიმე ახალწვეული დაეხმარება, მათ შორის საგარეჯოს „გარეჯის“ თავდამსხმელი გიორგი ხარებაშვილი, რომელსაც სლოვაკეთში უნდა ეთამაშა, მაგრამ ეს ტრანსფერი ჩაიშალა.

„გარეჯში“ ასევე თამაშობდნენ ნახევარმცველები გიორგი პაპუაშვილი და დავით ლომთაძე – მათ, ისევე როგორც ხარებაშვილს, „გაგრის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ონიანი საგარეჯოს კლუბში მუშაობის პერიოდიდან კარგად იცნობს და ენდობა.

„გაგრის“ ერთ-ერთი შენაძენი გიორგი ქიმაძეა – საჩხერის „ჩიხურის“, „დინამო თბილისის“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მცველი, რომელიც ბოლოს ქობულეთის „შუქურაში“ თამაშობდა. გუნდს „ვიტ ჯორჯიის“ მცველი ზურაბ ჭავჭანიძეც გააძლიერებს.

სეზონის დასრულების შემდეგ „გაგრა“ ბევრმა მოთამაშემ დატოვა – ზოგს კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ზოგმა კი ეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გააკეთა – გიორგი პაპავამ, ლუკა ნოზაძემ, ბექა შუბითიძემ, თემურ შონიამ, ლევან ჟორდანიამ, ვასილ ხოსიტაშვილმა, ზაქარია ბეგლარიშვილმა და ეროვნული ლიგის თანაბომბარდირმა, ზურან მუსელიანმა.