„გაგრა“ თორნიკე ოქრიაშვილის გაძევებამ ვერ გატეხა - „დილამ“ სტუმრად მხოლოდ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
„გაგრა“ თორნიკე ოქრიაშვილის გაძევებამ ვერ გატეხა - „დილამ“ სტუმრად მხოლოდ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

„გაგრა“ საქართველოს ჩემპიონატში გორის „დილას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ლიდერის გაძევების მიუხედავად, მეტოქეს არაფერი დაუთმო – 0:0.


გაგრა – დილა (გორი) 0:0


გაძევება: ოქრიაშვილი (52, „გაგრა“)

 

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრის პირველმა ტაიმმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ ტემპი დაბალი იყო და მეტოქეებს საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ.

აუტსაიდერმა „გაგრამ“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელს არაფერი დაუთმო. გუნდს თორნიკე ოქრიაშვილის გამოჩენამ მეტი თავდაჯერება შესძინა. მართალია, საქართველოს ნაკრების შემტევი ჯერ სასურველ სპორტულ ფორმაში არ არის, მაგრამ გორელებთან მატჩში რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი მაინც შექმნა.

თუმცა, 52-ე წუთზე ოქრიაშვილმა „გაგრა“ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. თორნიკე „დილას“ ორ მცველს ეფექტური ფინტებით გასცდა, მაგრამ შეაჩერეს, არბიტრმა ალეკო აფციაურმა ჯარიმა არ დააფიქსირა, „გაგრას“ ლიდერმა კი არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც აფციაურმა არ აპატია და მოედნიდან გააძევა.

ამის მიუხედავად, „გაგრამ“ ბოლომდე იბრძოლა და ქულა მაინც მოიპოვა – 0:0.

შვიდი ტურის შემდეგ „გაგრამ“ ორი ქულა დააგროვა და კვლავ ბოლო, მე-10 ადგილზეა. გორის „დილამ“ (10 ქულა, მე-4 ადგილი) კი მესამეადგილოსნის, ქუთაისის „ტორპედოს“ (12) დაწევის შანსი ვერ გამოიყენა.