„გაგრა“ „სუტიესკასთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - საქართველოს თასის მფლობელი გასვლის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ლიგა 2-ის წარმომადგენელი „გაგრა“ მონტენეგროს „სუტიესკას“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
მატჩის პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს. მე-12 წუთზე მონტენეგროელებმა შეტევა განავითარეს და ნიკოლა იანიჩის გადაცემის შემდეგ მარკო ვუკოვიჩმა ზუსტად დაარტყა.
მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრებას რამდენჯერმე შეეცადა თამაზ მაქაცარია, მაგრამ მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა. საბოლოოდ, საქართველოს თასის მფლობელი მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა და მეორე ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
განმეორებითი მატჩი 15 ივლისს თბილისში გაიმართება. „გაგრა“ „სუტიესკას“ „მიხეილ მესხი არენაზე“ მიიღებს – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.