„გაგრა“ „დინამო თბილისის“ მოთამაშეებით გაძლიერდა #1TVSPORT
„გაგრა“ „დინამო თბილისის“ მოთამაშეებით გაძლიერდა #1TVSPORT

„გაგრა“ „დინამო თბილისის“ მოთამაშეებით გაძლიერდა – აფხაზეთის რეგიონის გუნდმა თბილისელთა შემადგენლობიდან ორი ახალგაზრდა მოთამაშე დაიმატა, რომლებიც კლუბში დეკემბრამდე იჯარით ითამაშებენ.

პირველი 20 წლის ტანმაღალი (1,94 მ) ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძეა – „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი, რომელიც მთავარ გუნდში 2020 წელს მოხვდა, 2021 წელს მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა მოედანზე, მიმდინარე სეზონში კი „დინამოს“ ფორმა 9 შეხვედრაში მოირგო, სამჯერ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ასევე „დინამო თბილისიდან“ იჯარით გუნდს გიორგი გვიშიანი დაემატა, რომელიც „გაგრაში“ 2021 წელსაც თამაშობდა და 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მაგრამ წლის დასაწყისში „დინამო თბილისში“ დაბრუნდა და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა – მაგრამ მიმდინარე სეზონში თბილისურ კლუბში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.

დინამომდე​გიორგი გვიშიანი თბილისის „საბურთალოს“ აკადემიაში თამაშობდა, „დინამოს“ აკადემიას 2020 წელს შეუერთდა, ხოლო 2021 წლის სეზონის მეორე ნახევარი განათხოვრების წესით საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ გაატარა.

გვიშიანს საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 გოლია. 19-წლამდე ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 9 შეხვედრა ჩაატარა და 2021 წელს გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგაში გორის „დილასთან“ გამართული მე-19 ტურის შემდეგ „გაგრა“ ორმა ლიდერმა დატოვა – საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ და თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ.

საბა კვერკველიას ახალი კლუბი ჯერ უცნობია, მაგრამ გავრცელებული ცნობით, მას ესპანური „ალმერია“ და რუმინული „სტიაუა“ იწვევენ. მათე ვაწაძე კი, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის თქმით, დიდი ალბათობით, ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს.