„გაგრა“ ჩემპიონატისთვის ემზადება და ორი საკონტროლო მატჩი მოიგო #1TVSPORT
„გაგრა“ ეროვნული ლიგის საშემოდგომო ეტაპისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს და საკონტროლო მატჩები ჩაატარა.
გაგა კირკიტაძის გუნდმა გორის „დილასთან“ დიდი ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა, შონიამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ოდიშელიძის ანგარიშზეა. მეორე საკონტროლო შეხვედრა გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის „ვიტ ჯორჯიასთან“ გამართა და ამჯერადაც კარი „მშრალად“ შეინახა – 2:0. თავი ამჯერადაც შონიამ გამოიჩინა, ერთი გოლი კი „გაგრაში“ დაბრუნებულმა ჩიხრაძემ გაიტანა.
საკადრო სიახლეებიდან ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ „გაგრა“ 28 წლის მარცხენა მცველმა გიორგი ლაცაბიძემ დატოვა. ის სეზონის დაწყების წინ „საბურთალოდან“ გადავიდა და 14 მატჩი გამართა.
საგაზაფხულო ეტაპზე გამართული 19 ტურის შემდეგ „გაგრა“ 17 ქულით მე-7 ადგილზეა. 22 ივლისს გუნდი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალში „სამგურალს“ დაუპირისპირდება, ეროვნულ ლიგაში კი პირველ შეხვედრას 5 აგვისტოს ასევე წყალტუბოელების წინააღმდეგ ჩაატარებს.