გაგა კირკიტაძე - „სამგურალთან“ ბავშვური შეცდომების გამო წავაგეთ #1TVSPORT
გაგა კირკიტაძე - „სამგურალთან“ ბავშვური შეცდომების გამო წავაგეთ #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში „გაგრასა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (0:2), რამაც წყალტუბოელები სატურნირო ცხრილში უჩვეულოდ მაღალ საფეხურზე, მესამე ადგიზლე დააწინაურა.

მატჩის შესახებ კომენტარი ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა. „გაგრას“ დამრიგებლის თქმით, გუნდმა შეხვედრა ბავშვური შეცდომის გამო წააგო.

გიორგი მიქაძე, „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი:

„მძიმე თამაში იყო, მაგრამ ურთულესი მატჩების და კალენდრის შემდეგ გვეყო ძალები და საჭირო სამი ქულა ავიღეთ. პირველ ტაიმში გოლები გავიტანეთ და მეორე ნახევარში უპირატესობის შენარჩუნებას შევეცადეთ, რასაც წარმატებით გავართვით თავი“.

გაგა კირკიტაძე, „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი: 

„პირველი ტაიმი საკმაოდ კარგად დავიწყეთ, მაგრამ რაღაც ეპიზოდში კონცენტრაცია დავკარგეთ და გოლი გავუშვით. ბავშვური შეცდომები იყო, რასაც მეორე გოლი დაემატა და ორი გაშვებული გოლის შემდეგ თამაშის შემოტრიალება გაგვიჭირდა. „სამგურალი“ ვიცით, როგორც თამაშობს, გუნდი დაცვაში საკმაოდ კომპაქტურად დგას – ალბათ, მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა და წარმატებებს ვუსურვებ“.