გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრებასთან ერთად, მისი ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგაც გამოდის
გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრებასთან ერთად, მისი ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგაც გამოდის.
დიმიტრი პოლიანსკის განცხადებით, მოსკოვმა პოზიცია შეცვალა და ამჯერად უკრაინის ევროკავშირში გაწევრების წინააღმდეგაც გამოდის.
„ვფიქრობ, იმ მომენტში, როდესაც სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება იმართებოდა, ჩვენ არ გვაშფოთებდა ევროკავშირი. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ომი უკრაინაში ბრძოლის ველზე უნდა იყოს მოგებული. ახლა ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უფრო ჰგავს კრემლის პოზიციას, რომელიც ჩვენ გვაქვს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან მიმართებით“, – განაცხადა გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილემ.
მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მოწოდებაში მოწინავე ადგილს იკავებს, ამიტომ რუსეთი მასსა და ნატო-ს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს.
„მართალი გითხრათ, ახლა მე ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, რომ სიტუაცია დიპლომატიური გზით დარეგულირდეს“, – განაცხდა დიმიტრი პოლიანსკიმ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას, რუსმა დიპლომატმა უპასუხა, რომ „თუ ემუქრები ბირთვულ სახელმწიფოს, ყველა ვარიანტი უნდა გაითვალისწინო“.