გაერო-ში აცხადებენ, რომ შავი ზღვის უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე გასატანად პირველი გემები შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიძრას
შავი ზღვის უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე გასატანად პირველი გემები შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაიძრას. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერის მოადგილემ, ფარჰან ჰაქმა განაცხადა.
გაერო-ს წარმომადგენლის თქმით, გაერთიანებულ საკოორდინაციო ცენტრს ექნება კავშირი ხომალდებთან და გემებისთვის დეტალურ პროცედურას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
„როგორც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის მიერ ვალდებულებების შესრულება აუცილებელია. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ინიციატივის მხარეები და გაერო ხშირ კონტაქტზე არიან, მათ შორის კომუნიკაცია შედგა გუშინაც. ყველა მხარემ დაადასტურა თავიანთი ერთგულება ინიციატივისადმი. თურქეთის ხელისუფლებამ გულუხვად გამოყო სივრცე გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრისთვის. ხვალისთვის ყველა მხარეს და გაერო-ს ექნებათ წარმომადგენლობა სტამბოლში მდებარე გაერთიანებულ საკოორდინაციო ცენტრში. ჩვენ ველოდებით, რომ პირველი გემები დაიძრებიან უახლოეს დღეებში“, – განაცხადა ფარჰან ჰაქმა.
რუსეთმა და უკრაინამ გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებებს 22 ივლისს მოაწერეს ხელი.