„გაძეტა დელო სპორტი“ - ლიონელ მესის გადაბირების შანსი ხუთ კლუბს აქვს
„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ, შესაძლოა, კატალონური კლუბი ზაფხულში დატოვოს, – ამის შესახებ იტალიური გაზეთი „გაძეტა დელო სპორტი” წერს.
წყაროს ცნობით, 32 წლის ფორვარდმა, შესაძლოა, კარიერა ხუთი ევროპული კლუბიდან ერთ-ერთში გააგრძელოს. ეს გუნდებია – „მანჩესტერ იუნაიტედი”, „იუვენტუსი”, „ინტერი”, „პარი სენ-ჟერმენი” და „მანჩესტერ სიტი”.
„გაძეტა დელო სპორტის” ხუთშაბათის ნომრის პირველი გვერდი სწორედ ლიონელ მესის მომავალს მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ ფორვარდს კონფლიქტი აქვს „ბარსელონას” დირექტორთან ერიკ აბიდალთან. მესი აღშფოთებული დარჩა აბიდალის ინტერვიუთი, რომელშიც ფრანგმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერნესტე ვალვერდეს გაშვების პროვოცირება მოახდინეს. ფორვარდმა ყოფილ პარტნიორს კონკრეტული გვარების დასახელება მოსთხოვა.