„გაძეტა დელო სპორტი“ - კვარაცხელია სერია A-ში დროზე უნდა გადავიდეს #1TVSPORT
იტალიურმა გამოცემა „გაძეტა დელო სპორტმა“ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ 21 წლის ქართველი თავდამსხმელი კლუბს მალე შეუერთდება.
21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბათუმის „დინამოში“ გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა, თუმცა ნათლად ითქვა – ის გუნდიდან ზაფხულში წავა. კვარაცხელია „ნაპოლისგან“ ერთ ნაბიჯშია და სპალეტის შეუძლია ინსინიე მშვიდად გაუშვას.
„რომასთან“ ფრე, სავარაუდოდ, „ნაპოლის“ სკუდეტოს ოცნებას აშორებს. ეს საშუალებას გვაძლევს გუნდის სამომავალო გეგმებს უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ. ამას აკეთებს ლუჩიანო სპალეტიც, რომელმაც ნახა ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ჩემპიონატში ბოლო ტურში როგორ ითამაშა.
თავდამსხმელი, რომელიც ინსინიეს მემკვიდრე იქნება, „გაგრასთან“ გამარჯვებაში ბათუმის „დინამოს“ მთავარი გმირი იყო. სანახაობრივი მატჩი 5:2 დასრულდა, რასაც მისი დუბლი დაემატა და ნიჭი სრულად გამოაჩინა. პირველი ძლიერი დარტყმით გაიტანა, მეორე კი – ძალიან ეფექტურად. მაგრამ კვარაცხელია მხოლოდ ნიჭიერი მეგოლე არაა, ერთი გოლი მისი გადაცემით გავიდა.
ბათუმის „დინამო“ ისევ ცხრილის სათავეშია, თუმცა უახლოეს თვეებში საუკეთესო მოთამაშის გარეშე დარჩება – ეროვნული ლიგა მარტში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. „ნაპოლიმ“ კვარაცხელია ჯერ კიდევ ყაზანის „რუბინში“ მონახა და მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწია. რუსეთში ის ლიგის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტალანტად ჩამოყალიბდა და დიდი ხანია, რამდენიმე კლუბი აკვირდებოდა.
კრისტიანო ჯუნტოლიმ („ნაპოლის“ სპორტული დირექტორი) უკვე ტრანსფერის დასრულება დაიწყო, თავდაპირველი მოთხოვნა შთამბეჭდავი იყო – ტრანსფერში დაახლოებით 15 მილიონ ევროს ითხოვდნენ. მაგრამ უკრაინაში კონფლიქტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ქართველმა კონტრაქტის გაწყვეტა ითხოვა და „რუბინიდან“ სამშობლოში დაბრუნდა.
ამჟამად ჯუნტოლის კვარაცხელიას ყიდვა კიდევ უფრო დაბალ ფასად შეუძლია. დიდი ალბათობით, „რუბინი“ კომპენსაციას მაინც მიღებს, მაგრამ იმაზე ნაკლებს, ვიდრე რუსები მოელიან. ფეხბურთელთან დაკავშირებით კი, როგორც ჩანს, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია: მისთვის გამზადებულია ხუთწლიანი კონტრაქტი, ფეხბურთელი კი სეზონში დაახლოებით 1,5 მილიონ ევროს მიიღებს. დარჩენილი ბიუროკრატიული ფორმალობების მოგვარება კი მხოლოდ ჩემპიონატის დასრულებისას მოხერხდება.
მისი ჩამოსვლა ახლოვდება, რასაც ადასტურებს რამდენიმე დღის წინ „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოსთან სპორტული დირექტორის, ჯუნტოლის განცხადება, რომელმაც აღიარა, რომ ქართველი თავდამსხმელი კლუბის ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს და რომ კლუბი მის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს. ეს სწრაფად იმიტომაც სურს, რომ დონე შეინარჩუნოს და „ნაპოლიში“ კაპიტნის ღირსეული მემკვიდრე გახდეს, კვარაცხელიამ დროზე უნდა ითამაშოს ისეთ კონკურენტუნარიან ჩემპიონატში, როგორიცაა სერია A“, – ვკითხულობთ „გაძეტა დელო სპორტის“ წერილში.