გადრანი „ტორპედოსთან“ საპასუხო თამაშს გამოტოვებს - გადავრჩი, ტრავმა უფრო სერიოზული მეგონა #1TVSPORT
გადრანი „ტორპედოსთან“ საპასუხო თამაშს გამოტოვებს - გადავრჩი, ტრავმა უფრო სერიოზული მეგონა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ პირველ მატჩში დაშავებული „აქტობეს“ ქართველი მცველი ლუკა გადრანი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა, თუმცა საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს, – ამის შესახებ 26 წლის ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

გადრანმა მატჩი „აქტობეს“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ყაზახურ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაგრამ 71-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა. ლუკა საქართველოში დარჩა და გამოკვლევები თბილისში ჩაუტარდა.

„შეიძლება ითქვას, რომ სერიოზულ ტრავმას გადავრჩი. ძალიან ცუდი მომენტი იყო, გიორგი ფანცულაიასთან შეჯახების შემდეგ მუხლის ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, ფეხზე წამოდგომა ვეღარ შევძელი და მოედნიდან საკაცით რომ გამიყვანეს, ვფიქრობდი, დიდი დრო გამიცდებოდა.

თამაშის შემდეგ თბილისში ჩამოვედი და მეორე დღეს MRI გამოკვლევა ჩავიტარე. მადლობა, მინდა, გადავუხადო მერაბ ვარძუკაშვილს, რომელიც ძალიან დამეხმარა. საბედნიეროდ, გამოკვლევამ აჩვენა, რომ სერიოზული არაფერია.

ქუთაისის „ტორპედოსთან“ საპასუხო შეხვედრას გამოვტოვებ, მაგრამ მხოლოდ 2-3 კვირა გამიცდება. რეაბილიტაციის პროცესში გამოჩნდება, მოედანს როდის დავუბრუნდები“, – თქვა საქართველოს პირველ არხთან ლუკა გადრანმა.