ახალი მეპატრონის გამოჩემისა და ფინანსური კრიზისის დაძლევის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ სეზონისთვის მზადება დაიწყო – ეს ქუთაისელებმა ეროვნული ლიგის გუნდებიდან ყველაზე გვიან შეძლეს და შესაბამისად, პირველის საკონტროლო მატჩიც ასევე ყველაზე გვიან გამართეს.
მიხეილ აშვეთიას გაწვთნილები ლიგა2-ში დაბრუნებულ მარტვილის „მერანს“ ფოთის „პარკი არენაზე“ შეხვდნენ. „ტორპედო“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით ვაჟა ტაბატაძემ გაიყვანა, რომელიც შარშანდელი კრიზისის მიუხედავად გუნდში დარჩა.
გოლები მეორე ნახევარში გავიდა. ანგარიში მარტვილელთა ნახევარმცველმა ამირან როხვაძემ 58-ე წუთზე გახსნა. 70-ე წუთზე მარტვილელთა კარში პენალტი დაინიშნა და „ტორპედოს“ ახალწვეულმა გიორგი ჯანელიძემ წონასწორობა აღადგინა. თუმცა, 78-ე წუთზე თემურ შარაშენიძემ ქუთაისელთა კარი მეორედ აიღო და „მერანმა“ 2:1 გაიმარჯვა.
„ტორპედო“ – „მერანი“ 1:2
„ტორპედო“: ბულისკერია, ტაბატაძე, კასრაძე, მირცხულავა, ნადარაია, მათე აბულაძე, ძარია, ივანიშვილი, ჯანელიძე, ციცქიშვილი, ფანცულაია
„მერანი“: ნონოსი, ბიბილაშვილი, კალანდაძე, ხარაბაძე, გეგია, ქიქავა, ფაცაცია, წილოსანი, წულაია, წოწონავა, ჩხეტიანი
შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ქუთაისის „ტორპედო“ ფოთის „კოლხეთთან“ 19 თებერვალს გამართავს – მატჩის ადგილი და დრო ჯერ არ დაზუსტებულა.