გაბრიელ სიგუას პირველი საგოლე პასი - „ბაზელმა“ შვეიცარიის თასზე 8:1 მოიგო #1TVSPORT
გაბრიელ სიგუამ „ბაზელის“ შემადგენლობაში შვეიცარიის თასის 1/32-ფინალში ითამაშა. ქართველის გუნდმა სამოყვარულო ლიგის ბინადარ „სენ ბლეზთან“ სტუმრად არასაფეხბურთო ანგარიშით, 8:1 მოიგო.
სიგუა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ბაზელმა“ პირველ ტაიმში 5:1 გაიმარჯვა.
30-ე წუთზე ქართველმა საგოლე გადაცემა შეასრულა, რომლითაც გერმანელმა თავდამსხმელმა, მორის მალონემ ისარგებლა. ეს 18 წლის ნახევარმცველისთვის ახალ გუნდში პირველი საგოლე მოქმედება იყო.
აღსანიშნავია, რომ გაბრიელმა პირველად ითამაშა შვეიცარული გრანდის ძირითად შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრაში. ადგილობრივ ჩემპიონატში „ლოზანას“ წინააღმდეგ მან მოედანზე 12 წუთი დაჰყო.