შვეიცარიის სუპერლიგაში გაბრიელ სიგუას „ბაზელმა“ გასვლით მატჩში „სერვეტი“ 6:0 დაამარცხა, მაგრამ სტუმართა შემადგენლობაში ქართველ ფეხბურთელს ტრავმის გამო არ უთამაშია. როგორ გაირკვა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მთავარი გუნდების მატჩამდე „ბაზელის“ 21-წლამდელთა შემადგენლობაში ითამაშა და მოწინააღმდეგის ფეხბურთელთან, სონი ენშოსთან შეჯახების შემდეგ დაშავდა.
შეხვედრის ორგანიზატორების, მსაჯებისა და გუნდების კაპიტნების კონსულტაციის შემდეგ მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
ორივე ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მართალია, სიგუა მალევე გამოწერეს, მაგრამ გაირკვა, რომ გაბრიელი დაახლოებით ორი თვე ვერ ითამაშებს. „ბაზელის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ტვინის შერყევა აქვს, ამას გარდა მან კოჭი და კუნთი დაიზიანა.
„გამოკვლევამ გვაჩვენა, რომ სიგუამ კოჭზე ორი გვერდითი მყესი გაიწყვიტა. ასევე აღენიშნება წინა კუნთის დაზიანებაც. მას ოპერაცია არ სჭირდება, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაბრიელი, დიდი ალბათობით, ორ თვეს გამოტოვებს“, – წერია „ბაზელის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
19 წლის სიგუა, რომელიც „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, ზაფხულში საქართველოს ნაკრებთან ერთად გერმანიაში ევრო 2024-ზე იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია.