გაბრიელ სიგუა - ნაკრებში გამოძახება მოულოდნელი იყო, მაგრამ სასიხარულოა, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი რომ გეძლევა #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ავსტრიაში გაფრინდა, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრებამდე კომენტარი „ბაზელის“ 18 წლის ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ გააკეთა, რომელიც ვილი სანიოლმა გუნდში ჯაბა კანკავას ნაცვლად მიიწვია.
„რა თქმა უნდა, ეს გამოძახება მოულოდნელი იყო, მაგრამ სასიხარულოა, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი რომ გეძლევა. ვფიქრობ, გადაწყობა მოვასწარი როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებს გვერდში დავუდგე.
გუნდმა ტრავმის რისკი ამარიდა თავიდან და ბოლო ორ მატჩში სწორედ ამიტომ არ ვითამაშე, თორემ სერიოზული არაფერი იყო. საბედნიეროდ, თავს კარგად ვგრძნობ და ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში ვარ, რაშიც „ბაზელში“ გატარებული სეზონი ძალიან დამეხმარა“, – ამბობს გაბრიელ სიგუა.
სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები 28 მაისიდან ავსტრიის ქალაქ გეინბერგში მოემზადება. 9 ივნისს გუნდი პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას ჩაატარებს. 18 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი თურქეთს დორტმუნდში შეხვდება, 22 ივნისს ჩეხეთს – ჰამბურგში, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას – გელზენკირხენში.