გაბრიელ რამოსი - ბათუმში ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა, ამ ქალაქში ვერ მოიწყენ
„ბათუმის „დინამოში“ ევროპის ლიგაზე თამაშის შანსი მქონდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გუნდთან ხელშეკრულება კიდევ ხუთი თვე მაკავშირებდა. მაგრამ ბრაზილიაში დავბრუნდი, ნათესავებთან ვისაუბრე და მიხვდი, რომ საქართველოში დაბრუნება აღარ მინდოდა,“ – განაცხადა გაბრიელ რამოსმა ბელარუსულ გამოცემა „პრესბოლთან“ ინტერვიუში.
ბათუმის „დინამოს“ ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ამჟამად ბელარუსში, ჟოდინოს „ტორპედო-ბელაზში“ თამაშობს და ჩემპიონატის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს – ბრაზილიელმა მინსკის „ენერგეტიკთან“ (2:0) გადამწყვეტი როლი ითამაშა და საგოლე გადაცემასთან ერთად გოლი გაიტანა.
გაბრიელ რამოსმა ინტერვიუში გაიხსენა, საქართველოში როგორ მოხვდა – „მადლობელი ვარ, რომ ბათუმში მიმიწვიეს. მაშინ საქმე ასარჩევადაც არ მქონდა. საჭირო იყო თამაში და რაც შეიძლება სწრაფად. პირველივე სეზონში მთავარ ლიგაში გადავედით. მეორე სეზონში კი ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოვიგეთ. მაგრამ ახალს ვერაფერს შევიძენდი. ბათუმში გარკვეულ შედეგს მივაღწიე და დრო იყო, ნაბიჯი წინ გადამედგა. ახალი გამოწვევა მჭირდებოდა“.
ბრაზილიელმა საქართველოსა და ბათუმზეც კითხვასაც უპასუხა – „იმ დროის ბევრი შესანიშნავი მოგონება დამრჩა.ბათუმი ცნობილი ტურისტული ქალაქია. გუნდში ჩემთან კიდევ ერთი ბრაზილიელი, ფლამარიონი თამაშობდა. ჩვენ გვიყვარდა სასეირნოდ გასვლა – პარკში, სანაპიროზე. ბათუმში ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ რაიმე გასაკეთებელი. იქ ცხოვრება ძალიან კარგია! მწვადი, ქაბაბი, მრავალი ტურისტი სხვადასხვა ქვეყნიდან, სავსეა ლამაზი გოგოებით. ამ ქალაქში ვერ მოიწყენ“.