გაბაძე „ლოკომოტივს“ ემოციურად დაემშვიდობა - ეს ჩემს საფეხბურთო კარიერაში მძიმე დღეა #1TVSPORT
გაბაძე „ლოკომოტივს“ ემოციურად დაემშვიდობა - ეს ჩემს საფეხბურთო კარიერაში მძიმე დღეა #1TVSPORT

გიორგი გაბაძე თბილისის „ლოკომოტივში“ მომხდარ მოვლენებს ემოციური პოსტით დაემშვიდობა. 26 წლის ფეხბურთელმა ორი სურათი გამოაქვეყნა, სადაც „ლოკომოტივში“ მისი პირველ და ბოლო სეზონში გამოსვლებია ასახული.

„პირველი ფოტო 2008 წელს არის გადაღებული, მეორე – 13 წლის შემდეგ. იგივე გუნდი, იგივე ფორმა – იგივე ნომრით. 13 წელი „ლოკომოტივში“ გავატარე. გუნდში, რომელმაც ყველაფერი მომცა. მასწავლა არამარტო ფეხბურთი, არამედ ჩამომაყალიბა როგორც პიროვნება. გუშინდელი დღესავით მახსოვს 2008 წელი, როდესაც პირველად ჩავიცვი „ლოკომოტივის“ ფორმა – 27 ნომრით, რომელიც სიმბოლურიც კი გახდა ჩემს ცხოვრებაში. ამ დროის განმავლობაში ერთად გვიწევდა როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდების გადალახვა. იყო ბევრი სიხარული, ემოცია, გამარჯვება, ასევე მარცხი და იმედგაცრუება. „ლოკომოტივი“ ჩემთვის გუნდზე მეტი იყო, არის და იქნება, რადგან ეს არის ოჯახი, რომელშიც ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი წვლილის შეტანას“, – წერს გიორგი გაბაძე.

ფეხბურთელი, რომელიც 13 წელია გუნდის ფორმით თამაშობს, ამბობს, რომ მის კარიერაში რთული დღე გადაიტანა:

„დღეს ჩემს საფეხბურთო კარიერაში მძიმე დღეა. ძალიან მიჭირს იმაზე საუბარი რომ დადგა დრო, როდესაც მიწევს გუნდის დატოვება იმ რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც ახლა დგას. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის პრეზიდენტს, დირექციას და სამწვრთნელო ჯგუფს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემს პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. და რაღა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდელებს, ბიჭებს – რომლებთან ერთადაც გამორჩეული მოგონებები მაკავშირებს არამარტო სტადიონზე, არამედ სტადიონის მიღმა. წარმატებებს გისურვებთ!“.