ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი ევროგათამაშების მომდევნო რაუნდშია
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი ევროგათამაშების მომდევნო რაუნდშია

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა „ტატიშვილმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და მომდევნო რაუნდში გავიდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი სამგუნდიან ჯგუფში მოხვდა – ჩვენი გუნდის მეტოქეები იყვნენ შვეიცარიული „ლაშოდეფონი“ და მასპინძელი კიშინიოვის „დინამო“.

ალექსანდრე ძაბირაძის გუნდი პირველ შეხვედრას შვეიცარიელებთან 5:2 იგებდა, მაგრამ ბოლო წუთში სამი ბურთი გაუშვა და მატჩი 5:5 დაასრულა. გადამწყვეტი მატჩი კიშინიოვის „დინამოსთან“ გაიმართა, რომელმაც „ლაშოდეფონი“ 5:4 დაამარცხა. საშინაო კედლების გათვალისწინებით, ფავორიტად მოლდოველები ითვლებოდნენ.

საქართველოს ჩემპიონმა მასპინძელ გუნდთან შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა, კიშინიოვის „დინამო“ 3:1 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.