ფუტსალში საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს - თსუ-მ „თელასის“ ჰეგემონია დაამხო
ფუტსალში საქართველოს ახალი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია – ქვეყნის საუკეთესო გუნდის ვინაობა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფინალური სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში გაირკვა. პირველი მატჩი თსუ-მ მოიგო (2:1), ხოლო განმეორებითი „თელასმა“ (5:3 პენალტების სერიაში) და მესამე შეხვედრის ჩატარდება გახდა საჭირო.
„თელასს“ დისკვალიფიცირებული ვახტანგ ჯვარაშვილი დაუბრუნდა, რომელიც გუნდისთვის სერიოზული ძალაა. მართალია, საგოლე მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ მეტოქეები ძალიან ფრთხილად თამაშობდნენ, პირველი ნახევარი კი 0:0 დასრულდა.
ანგარიში მეორე ტაიმში გიორგი ტიკურიშვილმა გახსნა, მისი შესრულებული საჯარიმო იმდენად ძლიერი იყო, მეკარემ რეაგირება ვერ მოახდინა და მოქმედი ჩემპიონი „თელასი“ 23-ე წუთზე დაწინაურდა – 1:0. 28-ე წუთზე თსუ-ს გამოცდილმა მოთამაშემ, ლევან კობაიძემ წონასწორობა აღადგინა – 1:1. ძირითადი დრო ასეც დასრულდა და საჭირო გახდა დამტებითი 5-წუთიანი ტაიმები. 41-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ თსუ დააწინაურა. მაგრამ 46-ე წუთზე ტიკურიშვილმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში გაათანაბრა. თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, მიხეილ თევზაძემ გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო, თსუ-მ 3:2 იმარჯვა და საქართველოს ჩემპიონატში ბოლო წლების საუკეთესო გუნდის, „თელასის“ ჰეგემონია დაამხო.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ეროვნული ნაკრებისა და თსუ-ს მოთამაშე ლევან კობაიძე აღიარეს.