ფუტსალის ნაკრების მზადება - გუნდს კუპატაძე ვერ დაეხმარება #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას ასრულებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი 8 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 12 ოქტომბერს სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.
მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქში რიგის თასზე ითამაშა და მთავარ პრიზს დაეუფლა. ჯერ ლიეტუვა 6:3 დაამარცხა, ხოლო მასპინძელი ლატვია – 4:2.
დღეს გუნდმა მედიისთვის ღია ვარჯიში ძველი სპორტის სასახლეში გამართა. ზვიად კუპატაძე ინდივიდუალურად ემზადებოდა, მაგრამ გუნდს უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ნაკრების კაპიტანის ლატვიასთან შეხვედრაში სახის ძვალი დაუზიანდა. ბელგიასთან შეხვედრისთვის 16 ფეხბურთელი ემზადება.
მეინ-რაუნდის მეორე ტურის შეხვედრა ავსტრიასა და საქართველოს შორის 12 ოქტომბერს შედგება. ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. 2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს.
8 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და ბელგიას შორის „არენა თბილისზე“ (უნივერსისტეტის ქუჩა) გაიმართება, მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 18:50-დან შემოგთავაზებთ.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ვახტანგ კეკელია (თელასი, თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), თალესი (ალ-იარმუკი, ქუვეითი), ვილიანი (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი)