საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები საფრანგეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის შეხვედრისთვის 2 დეკემბრიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ემზადება.
გუნდი დედაქალაქში არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. რამდენიმე ლეგიონერი საქართველოს ნაკრებს საფრანგეთი-საქართველოს მატჩის მასპინძელ ქალაქში, პარიზში, 6 დეკემბერს შეურთდება.
ცნობილი გახდა საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა. ამ სიაში არ არიან ბრაზილიელი ლეგიონერები, რომლებმაც ჩვენი ცნობით, საქართველოს ნაკრებში თამაშზე თანხმობა განაცხადეს.
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი)
წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ ჯვარაშვილი, თემურ ექიზაშვილი (ყველა – თელასი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ფ.კ.პეტროვი, ლატვია), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო,პორტუგალია), რონინიო (ხერსონი, უკრაინა)
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფში მატჩები დეკემბრიდან 2021 წლის აპრილამდე გაიმართება. ჩვენი ნაკრები 6 შეხვედრას ჩაატარებს, ავთანდილ ასათიანის გუნდი საფრანგეთის, რუსეთისა და ბულგარეთი/სომხეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეხვედრები სახლი/გასვლის პრინციპით ჩატარდება.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და საუკეთესო ექვსი მეორეადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ ორ ნაკრებს შორის პლეი ოფის გათამაშებაში გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022 ნიდერლანდებში გაიმართება.
საფრანგეთისა და საქართველოს ფუტსალის ნაკრებთა შეხვედრა 8 დეკემბერს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.